სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. კლიენტთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო მათმა დიდმა ნაწილმა თბილისში მოქმედ ლომბარდებს მიმართა.
შედეგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა, საიდანაც 55,7% თბილისში მდებარეობს, 12,1% – იმერეთის რეგიონში, 9,9% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.
საქასტატის ცნობით, ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 23,8 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% – უცხოურ ვალუტაში.
გასულ წელს ლომბარდების საბალანსო მოგებამ 47,6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 73,1% თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.