“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, დაბა ნარუჯა, პროექტი: სკვერის კეთილმოწყობა, დახარჯულია 19 999 ლარი“ – ამ ტექსტს და შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისის მენეჯერი, გრიგოლი მახარაძე აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებუი ინფორმაციას არაერთი კომენტარი მოჰყვა.
“ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია არ მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, თანხის უმეტესი ნაწილი მოხმარდა ამ ტერიტორიის ნაწილიდან სამშენებლო ნაგვის გატანას და ღობის ბეტონის საძირკველს“, _ წერს გრიგოლ მახარაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში “გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გაკეთდა.
“გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა ნარუჯის ცენტრის კეთილმოწყობისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყო, რადგან თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა ტერიტორიაზე არსებული ძველი, ამორტიზებული შენობის დანგრევას და ნანგრევის გატანას. ტეროტორიის გასუფთავების შემდეგ გახორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები: ფართობის შემოღობვა დეკორატიული ღობითა და პანელური მავთულბადით, მოეწყო გარე განათება და დამონტაჟდა სკამები, მოეწყო მბრუნავი შესასვლელი კარი და ჭიშკარი. განხორციელდა სამღებრო სამუშაოები.“
“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ახორციელებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონიტორინგს 13 მუნიციპალიტეტის 70-მდე სოფელში. პროგრამა 2019 წელს აღდგა და 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ამ პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე. მონიტორინგის ფარგლებში ვატარებთ როგორც სამაგიდე კვლევას გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების საფუძველზე, ასევე გამოვკითხეთ 1300 ზე მეტი მოქალაქე, სოფლების რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები. გამოიკვეთა ძალიან საინტერესო შედეგები. მონიტორინგის ანგარიშს შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად წარვადგენთ შემდეგი წლის დასაწყისში“.
მისივე თქმით, კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი იქნება.