“კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე“, _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ “პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე ერთი საათი დაკარგა”
ირაკლი კობახიძის თქმით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რატომ არიდებს თავს გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში მასთან ერთად საუბარს.
“კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ.
ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ ვთავაზობთ ძალიან კარგ ფორმატს პრეზიდენტს,ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე, ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება არის ძალაში და ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ფორმატი შედგება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.