ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
პატრიარქმა თავის სიტყვაში ღვთისმშობლის მიძინების სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედა ღვთისამ კაცობრიობა არ მიატოვა, არამედ მარადიულ მეოხად მოევლინა.
შიო მესამემ ყურადღება გაამახვილა ქრისტიანულ მოძღვრებაში სიკვდილის არსზე. წმინდა მამათა სწავლებით, გარდაცვალება არის ადამიანის „მესამე დაბადება“ მარადიულ ცხოვრებაში — ხორციელი და სულიერი (ნათლისღების) დაბადების შემდეგ.
პატრირქმა აღნიშნა, რომ ადამიანები ხშირად არასწორად აცნობიერებენ გარდაცვალების საიდუმლოს, რის გამოც მომაკვდავის სარეცელთან ლოცვითი განწყობის ნაცვლად შიში და შფოთი სუფევს. მან მრევლს მოუწოდა, მეტი დაფიქრდნენ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლისთვის მომზადებაზე.
ქადაგებისას შიო მესამემ განსაკუთრებულად გაიხსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მან აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მარიამობა მის გარეშე, რის გამოც ეკლესიასა და მრევლს აკლია მისი ლოცვა, მსახურება და სიტყვა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სრულიად საქართველოს დალოცვა, გადარჩენა, გაერთიანება და გაძლიერება შეევედრა.



































































