შეზღუდული საგამოფენო სივრცე და თანამედროვე მხატვრების მიმართ ნაკლები ყურადღება_ აღნიშნულ საკითხებს საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, გურამ ცერცვაძე მხატვრობის სფეროს პრობლემებად ასახელებს.
როგორც ცერცვაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, მხატვრებს სხვადასხვა სტრუქტურებიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდებათ, ვიდრე დღეს აქვთ.
„პრობლემები უამრავია, როგორც ყველა სფეროში ასევე ჩვენთანაც. ძალიან შეზღუდული ვართ საგამოფენო სივრცით. ვერ ვიტყვით, რომ სულ უყურადღებოდ ვიყოთ, მაგრამ უფრო მეტი მხარდაჭერაა, ალბათ, საჭირო სახელისუფლებო სტრუქტურებიდან.
სასურველია იყოს თუნდაც უმნიშვნელო თანხები, რასაც ჩვენი შეხედულემისამებრ განვკარგავთ და დაეწესებინათ მასზე მონიტორინგი, თუ რაში იხარჯება და ეს საბიუჯეტო თანხა. ვგულისხმობ, კატალოგების დაბეჭდვას, სხვადასხვა სახის პროექტებს არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში წარმატებაც არ დააყოვნებს და ჩვენს კულტურას მნიშვნელოვან შენაძენს მოუტანს“,_ამბობს ცერცვაძე.
მხატვართა კავშირის თავმჯდომარის თქმით, მხატვრობა მარადიული ხელოვნებაა და სასურველია, რომ მხატვრების შრომა დაფასებული იყოს.
„ეს არის მარადიული ხელოვნება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებები იქმნება ქართველი ხელოვნების მხრიდან და სასურველია, რომ მათი შრომა იყოს დაფასებული. თუნდაც, ხდებოდეს სხვადასხვა სტრუქტურებიდან, მუზეუმებიდან, ბიზნესექტორიდან მათი ნამუშევრების შეძენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,_ამბობს ცერცვაძე.