ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის სახით სამწლიანი პატიმრობის შეფარდებას უარყოფითად აფასებს. როგორც ცისკარიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება. პოლიტოლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებში ბიძინა ივანიშვილია ჩართული.
“საქართველოში მიხეილ სააკაშვილისთვის სამი წლით პატიმრობის შეფარდება აუტკივარი თავის ატკივებაა. სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ რომელიმე ქვეყანაში განაგრძოს საკუთარი ჟინით აღსავსე პოლიტიკური მოღვაწეობა, მაგრამ თუკი მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება, ისედაც შფოთში მყოფი ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ შფოთში აღმოჩნდება. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ჩვენი ხელით მოვკალით, მერე პრეზიდენტი სავარძლიდან გადავატრიალეთ, მესამე პრეზიდენტს კი ვაპატიმრებთ, მაშინ, როცა ევროპისკენ მივისწრაფვით. უხერხულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ევროპული სასამართლოს კლიენტი გახდება, რადგან, დიდი ალბათობით, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში მალე იქნება განილული. დიდი ალბათობით, საქართველოს რიგითი მოქალაქე ივანიშვილი ჩართულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში. ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის განაჩენი არის იმ ადამიანების შურისძიება, რომლებმაც უამრავი ტრავმა მიიღეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საზიანო იქნება“, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას სოსო ცისკარიშილმა.