„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი პედოფილიის კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
როგორც ნათელაშვილი აცხადებს, 2 წელში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 300 შემთხვევაა დაფიქსირებული, სასჯელი დამნაშავე პირების მიმართ არასათანადოა და თუ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა, სავალდებულო ქიმიური კასტრაციით.
„პედოფილიის ეპიდემიაა, მარტო განვლილ 2 წელიწადში დაფიქსირებულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 300 შემთხვევა. მხოლოდ ამ დღეებში თბილისში დაკავებულ დამნაშავეს დაუდგინდა არასრულწლოვანთა გაუპატურების 43 ეპიზოდი და ამ ფონზე კატასტროფულია დასჯადი პრაქტიკა. ასეთ კრიმინალებს საპროცესო გარიგებებსაც კი უფორმებენ. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა, სავალდებულო ქიმიური კასტრაციით ბავშვის მიმართ ძალადობის გახორციელებაზე. პედოფილებზე, ჩვენი მომავლის მტრებზე, უნდა მიწა იწვებოდეს ფეხქვეშ.
სტატისტიკა აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელია. კახეთში 10 წლის არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურა დამნაშავემ, რომელიც ამინისტირებული იყო და შემდგომ პროკურატურამ შეუმსუბუქა ბრალი და წელიწადნახევარი მიესაჯა. უარესი შემთხვევა მოხდა გვერდზე რაიონში 4 წლის გოგონას მიმართ, გარყვნილი ქმედებით დაკავებულ 64 წლის მამაკაცს სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და მანამდე საპროცესო გარიგება გაუფორმა. ეს წახალისებაა პირდაპირ პედოფილიის. ის პროკურორები, ვინც ეს გააკეთა იმ პედოფილებთან ერთად უნდა იჯდნენ ციხეში. ქიმიური კასტრაცია პედოფილების მიმართ ევროპაში გავრცელებული პრაქტიკაა, იყენებენ აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, დანიაში, პოლონეთში, ხოლო ჩეხეთში ქირურგიული კასტრაციაა. თუ არ იქნა დროულად მიღებული ზომები ჩვენს მომავალ თაობას ემუქრება სერიოზული საფრთხე“, _ აცხადებს ნათელაშვილი.