რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის და რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხელი შეუწყოთ? – ამ კითხვას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პასუხობს.
“დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. ეს არის მისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება. საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა.
ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს.
თეონამ[შეკითხვის ავტორი] ასევე იკითხა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, წვლილის შესატანად საქართველოს მიზნის მიღწევაში – ერთ დღეს ევროკავშირის ნაწილი გახდეს. თეონა, ევროკავშირის ღირებულებებისადმი თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა წინ მიმავალი გზაა. როგორც თქვენ ამბობთ, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – ამბობს ჰერჩინსკი.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას შეკითხვების დასმა შეთავაზა იმის შესახებ. თუ რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის.