მარიამ გარაყანიძე, “ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების“ ლიდერი:
“2024 წლის 6 დეკემბერს ვიმყოფებოდი ბერლინში, შშმ პირთა ევროპულ რეგიონალურ სამიტზე, სადაც სხვადასხვა კულტურით, სხვადასხვა შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააზიარეს თავიანთი პრაქტიკა, გამოცდილება და მიმდინარე სიახლეები.
სამიტმა კიდევ ერთხელ დამანახა ევროკავშირის მნიშვნელობა, რადგანაც ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტად დაცულ უფლებებს, თანასწორ გარემოს და ინკლუზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან დასაფასებელია ის გამოცდილება და ის პრაქტიკა, რომელიც არის ამჟამად ევროპულ ქვეყნებში, თუნდაც გერმანიაში.
მე დავინახე სამიტის მიმდინარეობისას არაჩვეულებრივი დამოკიდებულა ყველა ადამიანის მიმართ. სამიტში მონაწილეობას იღებდა ყველა შეზღუდვის მქონე ადამიანი…
და მათ შორის იყვნენ ფოტოგრაფები, პანელური დისკუსიის წამყვანები, ყველა პროფესიის ადამიანი იყო შშმ პირი, რამაც კიდევ უფრო დამანახა ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ვიყოთ ჩართულები ყველა სფეროში, ვაკეთოთ სხვადასხვა პროფესიული საქმეები ჩვენს შეზღუდვებთან ერთად!
ევროკავშირი მნიშვნელოვანი პარტნიორია შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას, ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და უნარების გაძლიერებას.
გარდა ამისა, ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ინკლუზიური გარემოს შექმნას, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს თანასწორ პირობებში განახორციელოს თავისი პოტენციალი. მისი ინიციატივები მიმართულია სერვისების, უფლებებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის, რაც ორგანიზაციებს ეხმარება ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში”.
“გურია ნიუსმა” მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).
“გურია ნიუსი” ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.
“გურია ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.