სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.
ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაც არის დატანილი – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში.
ვარსკვლავის გახსნას ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.