“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელშიც ამბობს, რომ მოსახლეობა მაღაზიებში კვების პროდუქტებზეც განვადებას აკეთებს.
“გურიაში ხალხი ისე გაღარიბდა, მაღაზიებიდან პურისფქვილი განვადებით გააქვთ“, _ წერს ქათამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ოზურგეთის ერთ-ერთ მაღაზიაში “გურია ნიუსს“ დაუდასტურეს, რომ კვების სხვადასხვა პროდუქტზე განვადების სისტემა მუშაობს.
“დიახ, სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია. ვისაც პრობლემა არ აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, მაღაზიებიდან განვადებით გააქვს შაქარი, პურისფქვილი, მაკარონი, ზეთი… პროდუქტი 100 ლარზე მეტი ღირებულების უნდა იყოს, რომ განვადებით გაიტანო. მე, როგორც ვიცი, რვა თვის შემდეგ ხდება გადახდა. ეს კეთდება იმ მომხარებელზე, ვინც კარგი გადამხედელია. ჩვენს მაღაზიაშიც შეიძლება ამის გაკეთება“.
ამავე მაღაზიაში გვეუბნებიან, რომ პროდუქტებზე განვადება 6 წელზე მეტია მოქმედებს.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “კრედო ბანკის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს ჯაბა გუნთაიშვილს. როგორც გუნთაიშვილმა გვითხრა, განვადების პროგრამით სარგებლობენ „კრედო ბანკის“ მომხარებლები, თუმცა ასეთი სახის განვადებაზე საპროცენტო განაკვეთი დიდი არ არის.
“თითქმის 2 წელია მოქმედებს ეს პროგრამა. ღვინის დაყენების დროს მოგვმართავენ და შაქარი გააქვთ ჩვენი კონტრაქტორი მაღაზიებიდან“, _ გვითხეა ჯაბა გუნთაიშვილმა.
ჩვენთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ მაღაზიის მეპატრონეები, პროდუქტს ერთი თვის ვადით ნისიად გასცემენ, ერთი თვის შემდეგ კი საბაზრო ფასს ემატება პროცენტი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონებმა საუბარი არ ისურვეს.