28 მარტს, საღამოს, გურიაში, კონკრეტულად, ოზურგეთში, ძლიერი ქარის შედეგად მეტ-ნაკლებად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ქარმა ძირიანად მოთხარა ან გადატეხა მრავალწლოვანი ხეები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები.
ოზურგეთში ყველაზე საშიში ვითარება დოლიძის ქუჩაზე შეიქმნა.
_ მოსაღამოვებული იყო. ის-ის იყო შინ შევედით, რომ საშინელი გუგუნის ხმა გავიგეთ, მერე მტვრევის და მსხვრევის ხმა. გვეგონა, მიწისძვრა დაიწყო. მოგვიანებით ვნახეთ, რომ ჩვენს საცხოვრებელ კორპუსს სახურავი აღარ ჰქონდა და მთლიანად ახდილი და გადაყირავებული დაბლა ეგდო. რომ გადავიხედეთ, გული შეგვიქანდა. თვალებს არ ვუჯერებდით. რა ძალის გრიგალი უნდა ამოვარდნილიყო, რომ ამხელა სახურავი ნაფოტივით აეღო და დაბლა გადაეგდო?!
ალბათ, ქარბორბალას მსგავსი რაღაც მოვარდა. აბა, მეტს ვერაფერს გეტყვით. აქ, პირდაპირ მდებარე ქუჩებზე და ასევე, სოფლებშიც რამდენი ძველი სახლია, ძლივს რომ დგას. ის არ წაუქცევია და ეს ახალი სახურავი, სულ დაუჭედავი რომ ყოფილიყო კორპუსზე დადგმული, ამას აწევა ხომ უნდოდა? არ ვიცი… უფლის ნებით, გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის, _ გვეუბნება დოლიძის ქუჩის ცამეტ ნომერ კორპუსში მცხოვრები მზია ცეცხლაძე.
_ ღმერთს მადლობა, რომ ყველამ შინ შეასწრო და მსხვერპლი არ არის! აქ სულ ხალხმრავლობაა. ეგაა, ქარი ისეთი სიძლიერით მოვარდა, ყველა შინ გაიქცა და უბედურებას გადავურჩით. მანქანები კი დაიმსხვრა, კორპუსის წინ რომელიც იდგა. თუმცა, მანქანას ეშველება. მთავარია, მსხვერპლი არ არის, _ გვეუბნებიან აქ მცხოვრებლები.
აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ოფისი. იმ დროისთვის, როცა გრიგალი ამოვარდა, აქ არავინ იყო. ოფისს გარეგნულად დაზიანების ნიშნები არ ეტყობა. ზოგადად კი, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე, არა ერთგან ჩამონგრეულია ღია აივნების მოაჯირები.
28 მარტს, გვიან საღამოსვე კორპუსის წინა ტერიტორია, ნაწილობრივ დაასუფთავეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრის თანამშრომლებმა.
_ გვიან, ღამით შეუძლებელი იყო რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარება. გასასვლელი გზები მოვაწესრიგეთ. ასევე, სადარბაზოებიდან გამოსასვლელი, ჩახერგილი სივრცეც გავასუფთავეთ, _ ამბობენ მომსახურების ცენტრის თანამშრომლები.
29 მარტს, დილიდან, ადგილზე მივიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე “გურია ნიუსს” ესაუბრა:
_ წუხელ რაც მოხერხდა, ეგაა. ნაწილობრივ გაიწმინდა ტერიტორია. რთული ვითარებაა, ხედავთ. მართლაც გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. აქ ბევრი ოჯახი ცხოვრობს. სულ მოძრაობაა. პირველ რიგში, ვაპირებთ, ტერიტორია სრულად გავწმინდოთ. შემდეგ კი დავითვლით ზარალს. მალევე ვეცდებით სათანადო მასალის შესყიდვას, რომ სახლი სასწრაფოდ გადაიხუროს. ყველაფერ ამას თავისი პროცედურები ახლავს. ერთ დღეში, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ მოვახერხებთ. ისე კი, ყველანაირად ვეცდებით, პროცესი დაჩქარდეს. სხვანაირად არც შეიძლება, _ გვითხრა ნიკა ბოლქვაძემ.
ქარმა, ქალაქ ოზურგეთში, ასევე, ნაწილობრივ გადახადა სახურავი კიტა მეგრელაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს.
_ ჩვენთან დილიდან მოვიდნენ ამ კორპუსში მცხოვრებლები. აუცილებლად მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი დახმარება. ჩვენი უპირველესი ვალი ესაა. ზოგი ითხოვს, დღესვე დაიხუროს სახლი, მაგრამ ფიზიკურად ამის მოხერხება არ შეიძლება. ესეც ხომ უნდა ესმოდეს ადამიანს? ერთ წუთში და ერთ დღეში მხოლოდ სტიქიას შეუძლია, ქნას ასეთი საშინელი საქმე. ვიმეორებ, ყველაფერი გაკეთდება, რომ დაჩქარდეს და დროულად დაიხუროს ყველა დაზიანებული სახლის სახურავი, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოჩა აბაშმაძე.
ქარმა მეტ-ნაკლებად დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლების სივრცეში მდებარე სახლები თუ სხვადასხვა ობიექტები. მოთხარა ან გადატეხა ხე-მცენარეები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები.
ჩვენ ვესაუბრეთ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის სოფლების გამგებლებს.
_ რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი ზარალია, არა. თუმცა, რამდენიმე სახლს გვერდითი საფარი ააძრო. ასევე, გზის პირას მოთხარა ნაძვის ხეები. ამ დროისთვის ეს ხეები უკვე გაკაფული, დამუშავებული არის და გათავისუფლებულია გზის სავალი ნაწილები. ზარალს დავთვლით. ყველას გაეწევა დახმარება. რაც მთავარია, ამ უცნაურ ქარბორბალას უმსხვერპლოდ გადავურჩით, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მერის წარმომადგენელი ბაილეთის თემში, გიორგი ქათამიძე.
მერის წარმომადგენელმა ნარუჯაში ზვიად მიქელაძემ გვითხრა, რომ სახლები უმნიშვნელოდ დაზიანდა. მისივე თქმით, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, შუქი ჩაქრა. თუმცა მეორე დილიდან “ენერგო-პრო” ჯორჯიას წარმომადგენლებმა მოაწესრიგეს და დენის მიწოდება დღის მეორე ნახევარში აღდგა.
_ სოფელ ბახვში ორ სახლს გადააძრო სახურავი. ასევე, მოთხარა ხეები. გზის პირას რაც იყო წაქცეული, უკვე გავასუფთავეთ. ასევე, ამ ეტაპზე ვახდენთ ოჯახებზე მიყენებული ზარალის რაოდენობის დათვლას. მალე დავეხმარებით, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ ბახვში კახი მგელაძემ.
ზღვისპირა კურორტ ურეკში, ძლიერი ქარის დროს, შტორმი წარმოიქმნა და სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია მოისილა.
_ ძლიერი შტორმი იყო. მთლიანად მოისილა სანაპირო ზოლი და გასწვრივი ქუჩა. თუმცა, დილიდანვე შევუდექით საქმეს და მთლიანად დასუფთავდა ტერიტორია. ისეთი ძლიერი ქარი იყო, კიდევ კარგად გადავრჩით, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა დაბა ურეკში დავით რობაქიძემ.
ქარმა ხეები მოთხარა და გადატეხა, ასევე, სოფლებში _ დვაბზუსა და ბოხვაურში.
_ ოთხ სახლზე ნაწილობრივ ააძრო სახურავი. გადატეხილია ხეები. მთელი ღამის განმავლობაში დავდიოდით სოფელში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად. პირველ რიგში, რაც სასიხარულოა, მსხვერპლი არ არის. ახლა ზარალის დათვლის პროცესში ვართ. ყველა ოჯახს დავეხმარებით. ამინდს ვერ უბრძანებ. ხალხს ეშინია _ ძლიერი წვიმები თუ დაიწყო, თავღია სახურავქვეშ ზარალი გაიზრდება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დროულად და უფრო ჩქარაც მოხდეს ზარალის დათვლა და შესაბამისად, სახლების დახურვა. ამ ყველაფერს თავისი პროცედურა სჭირდება, რანაირადაც არ უნდა გვინდოდეს პროცესის დაჩქარება. ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე რა გვაქვს?! უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს, _ გვითხრა ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა სოფელ დვაბზუში, ლაშა გოგოტიშვილმა.
სტიქიის შემდეგ საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო მერის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში თამაზ ბურჭულაძე:
_ ჩვენი სოფელი მთებშია და ეტყობა, ისევ ბუნებამ დაგვიცვა სტიქიისგან. რაიმე სერიოზული ზარალი აქ არ არის. ორ სახლზეა არც ისე მნიშვნელოვანი დაზიანება. ღამითვე მოვიარე სოფელი. მიხარია, რომ მშვიდობა გვაქვს და გადავურჩით სტიქიის ამ შემოტევას. დაზარალებულებს მალე დავეხმარებით, _ გვითხრა მან.
_ მაქსიმალურად ვეცდებით, უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზარალებულთა დახმარება. ამ ეტაპზე ზარალის დათვლა დასრულდება და მაშინვე შევუდგებით საქმეს. კიდევ ერთხელ ვთხოვ ადამიანებს, დამშვიდდნენ. გასაგებია, რომ აღელვებული მოდიან მერიაში. ჩვენ ახლა მხოლოდ მათ დახმარებაზე ვფიქრობთ, რაც მალე შესრულდება კიდეც, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ბოლქვაძემ.
ავტორი