„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში, ფქვილის მარაგის რაოდენობა დაახლოებით, 60 000 ტონაა, რაც სამი თვის მარაგია.
“ფქვილის მარაგი არის – 60 000 ტონაზე მეტია, ეს დაახლოებით, სამი თვის მარაგია. თუ შევადარებთ გასულ წელს, ამ მხრივ წლევანდელი წელი ბევრად უკეთესია იმიტომ, რომ მაშინ ფიქსირდებოდა 500 დოლარამდე ხორბლის ღირებულება და ახლა ეს ფასები შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ეს კიდევაც აისახება ფქვილის ღირებულებაზე. დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით, 66-67 ლარია. ასევე, პურის ფასზე ცვლილებას არ ველოდებით“, _ განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
დოლიძის განცხადებით, 2023 წლის მეორე ნახევრიდან პურის დამზადებაში ახალი წესები შემოდის, რომელიც სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს და ტექნოლოგიურ პარამეტრებს ეხება.
„ამ წლის მეორე ნახევრიდან ახალი რეგულაციები შემოდის, ეს რეგულაციები დროულია. პურის დამზადებაში წესები შემოდის, რომელიც დაცული უნდა იყოს. ეს არის სანიტარულ-ჰიგიენური წესები, ტექნოლოგიური პარამეტრები, ყველა მანქანა-დანადგარებზე ახალი წესები იქნება. მინდა შესაბამის სამსახურს მივმართო, რომ ტრენინგები ჩაატარონ, რომ ამ ხალხს რას ვთხოვთ იცოდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია მომზადდეს სამი გაიდლაინი, რომელიც აჩვენებს მცირე, საშუალო და დიდი წარმოებისთვის რა მოთხოვნებია. შესაბამისად, ამ გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნები იქნება. გასული წლის ბოლოს მიგვიწვია სურსათის უვნებლობის სამსახურმა, სადაც ეს საკითხი გაჟღერდა და თქვეს, რომ ეს ე.წ. ჰასპის კანონმდებლობა ყველგან დაინერგება“,- თქვა დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.