გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო შეწყვეტას ითხოვს. ერთობლივი განცხადება უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაავრცელა.
დიპლომატის თქმით, 1991 წელს უკრაინელი ხალხის მიერ მიღებული დამოუკიდებლობის გადაწყვეტილება მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, თუმცა დღეს ქვეყანა უკანონო სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შედეგებს იბრძვის, რაც გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
„ეს უაზრო ომი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს. რუსეთმა უბრალოდ უნდა მიიღოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება ითხოვს. კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ლარს ლოკე რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ ომის უარყოფითი შედეგები უკრაინის საზღვრებს სცილდება — ევროპის საჰაერო სივრცეში დრონების ინციდენტები ესკალაციის რისკებს ზრდის, ხოლო შავ ზღვაში პორტებსა და მარცვლეულის გადაზიდვებზე თავდასხმები გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, კანადის, საქართველოსა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციები. ისინი კიდევ ერთხელ უცხადებენ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

































































