საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა, რომელიც 36-გვერდიანია და 2019-2020 წლების გეგმას მოიცავს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
პროგრამის სამი მთავარი, ძირითადი მიმართულება უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება და განათლებაა.
პროგრამაში ვრცლადაა გაწერილი გახარიას და მისი კაბინეტის გეგმები დასაქმების, ჯანდაცვის, იძულებით გადაადგილებული პირების, ოკუპირებული რეგიონების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით.
ასევე, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმისა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და გაძლიერების შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი არის ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და მისთვის პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფაა.
“აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას “თამაშის” სამართლიანი წესები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მისცეს შესაძლებლობა კერძო სექტორს, მოიპოვოს წვდომა კონკრენტული წვდომა მსოფლიო ბაზარზე.
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.
გრძელვადიანი და მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკის ფაქტორების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში”, _ აღნიშნულია დოკუმენტში.
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას დღეს დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის პოსტზე, გახარიას კანდიდატურა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ წარადგინა.
გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტან გომელაურის კანდიდატურა დაასახელა, ხოლო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
ვრცლად პროგრამის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.