26 ივნისს, ჩოხატაურში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში” ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) შეხვედრა გამართა თემაზე _ ადგილობრივ დონეზე პლურალიზმისა და გამჭირვალობის ხელშეწყობა. შეხვედრას სხვადასხვა სფეროს ადამიანები ესწრებოდნენ.
პროექტის კოორდინატორმა თამარ გზირიშვილმა შეკრებილებს პროგრამის მიზნები გააცნო.
როგორც გზირიშვილმა აღნიშნა, პროგრამის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავებისას საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი აქტორების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთ შეძლონ პოლიტიკური ხედვების შემუშავება და მრავალპარტიულ დებატებში მონაწილეობა.
„პროგრამის მიზანია, ასევე, რეგიონში არსებულ მწვავე საკითხებში მოსახლეობის ჩართულობა და მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები მოსახლეობის მიერ გამოკვეთილ საჭიროებებზე. პროგრამის ფარგლებში, უნდა ჩატარდეს არაერთი აქტივობა, სადაც, ერთი წლის განმავლობაში აქტიურად იქნება ჩართული ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი ორგანიზაციები, რეგიონული მედია”.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ ჯერზე სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს გურიის სამივე მუნიციპალიტეტი ცალ-ცალკე. სადაც NDI-მ პროგრამისთვის გამოყო 10 000 ლარი. დაინტერესებულ პირს პროექტის წარსადგენად, დაახლოებით, თვენახევარი ექნება _ ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე.