“მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ცვლილებები მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსის” მოქმედი რედაქციის თანახმად, წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას. თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება დამატებით სამედიცინო კვლევის ჩატარება. მისი თქმით, ცვლილებებით ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი.
გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური” და „რექტორის” ნაცვლად მიეთითება: „მეთაური”.
მინისტრის მოადგილის თქმით, კოდექსის მოქმედი რედაქცია არასრულწლოვანის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვისას ითვალისწინებდა მხოლოდ მშობლის თანხმობას. ცვლილებებით კი ზუსტდება ვინ შეიძლება იყოს თანხმობის გამცემი. „მშობლის” ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო”.
მისივე თქმით, „თავდაცვის კოდექსში” ცვლილება შედის მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭების მიზნით. კერძოდ, სსიპ „თავდაცვის მოხალისე” ზედამხედველობას გაუწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ „თავდაცვის კოდექსით” დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფინანსური სახსრების ხარჯვას.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.



































































