“გურია ნიუსმა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის კომენტარი ჩაწერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
“ძალიან სასიხარულო ამბავია. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. მიხარია, გაფრინდაშვილს და მისი ოჯახის წევრებს ახალ წელს სიხარულის საბაბი ექნებათ.“
რამდენიმე დღის წინ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუშა-ჯგუფს გაუწევდა კოორდინაციას, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით იქმნებოდა.
„ძვირფასო მეგობრებო!
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას მე გავუწევ. ჯგუფში მხოლოდ ოჯახის ნდობით აღჭურვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი, ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით – ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას“,_ წერდა კეკელიძე.