მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც ჩვენი არც თუ შორეული წინაპრები უხვად მოიხმარდნენ, დღეს მივიწყებულია. იგი სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით უსწრებს კიდეც ხორბალს და უამრავი სასარგებლო და სამკურნალო თვისება გააჩნია. ის დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან, ებრძვის და ანეიტრალებს ქოლესტერინს. ამინომჟავებით კი დედის რძესთან ასოცირდება.
ჯიჯილაყას, იგივე ამარანტს, სადღეისოდ ხელახალი პოპულარიზაციის ხანა დაუდგა.
გთავაზობთ გურული ქალბატონის _ გულნარა სარიშვილის მიერ მოწოდებულ რეცეპტს, თუ როგორ გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას მეშვეობით.
ჯიჯილაყას ნორჩი ფოთლები, უფრო მცენარის წაკრეფილი წვეროები, მოვწალოთ მდუღარე წყალში. ერთი წამოდუღების შემდეგ გავწუროთ, დავკეპოთ წვრილად, ვუყოთ ასევე წვრილად დაკეპილი მწვანე ქინძი და ტარხუნა. დავუმატოთ ცოტა ხმელი ქინძიც, მარილი გემოვნებით, შევურიოთ დაფშვნილი ყველი და მოვამზადოთ გულსართი.
ყველის და ჯიჯილაყას რაოდენობა შეიძლება როგორც თანაბარი, ისე მეტ-ნაკლები რაოდენობით. კარგად მომზადებული ცომით ჩვეულებრივად მოვამზადოთ ხაჭაპური. უფრო გემრიელია აირღუმელში მომზადებული.