გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:
„ჩვენმა ჟენევის მისიამ გადმომცა თქვენი ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელით საქართველოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის თაობაზე.
ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქ-ნი სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე. სამწუხაროდ, რამდენადაც ყველამ კარგად ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხშირი მოვლენაა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც სავალალო მდგომარეობაა პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზების თვალსაზრისით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ ამ ორგანიზაციების მიერ გაწეულ სამუშაოს შესაბამის საკითხებსა და საქმეებზე ამ დონემდე დაცემის მაგივრად. მერწმუნეთ, რომ ჩვენი მისია ჟენევაში ადეკვატურ ინფორმაციას იღებს ამ შეტყობინებიდან და ასევე სხვა საელჩოებიდან, რათა შეიქმნას საკუთარი პოზიცია ყოველ წარდგენილ კანდიდატზე.
მადლობელი ვიქნები, თუკი ჩემს შენიშვნებს გადასცემთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჟენევის მისიაში წარდგენილ საჩივარს”, – ნათქვამია გერმანიის ელჩის გზავნილში.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს.
ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის ღიაობისა და გამჭვირვალობის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სოფიო კილაძის შერჩევა მოხდა საზოგადოებისაგან ფარულად და უკვე შერჩეული კანდიდატის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიციალური გვერდიდან, მას შემდეგ გაიგო, რაც უკვე წარდგენილი იყო კანდიდატი.
მათი შეფასებით, სოფო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.