ხვალ, 22 დეკემბერს, ფოთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართება.
როგორც ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ღონისძიება 18:00 საათიდან, ფოთის ცენტრალურ მოედანზე, დაიწყება.
“18:00 საათზე პატარების განწყობაზე იზრუნებენ თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები!
საკონცერტო პროგრამით თქვენ წინაშე წარდგებიან:
19:00 საათზე _ ჯგუფი “მიქსტურა”;
20:00 საათზე _ ,,ღამის შოუს ბენდი” გიორგი გაბუნიასთან ერთად;
20:00 საათზე _ ნაძვის ხის საზეიმო ანთება.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში”, _ წერია ანონსში.
“გურია ნიუსი” ფოთის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა იმის გასარკევად, თუ რა უჯდება ბიუჯეტს საახალწლო ნაძვის ხის ანთება.
ოფიციალურ კომენტარს, რომელიც ჯერ არ მიგვიღია, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. თუმცა, ჩვენ თავად მოვიპოვეთ არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი „ღამის შოუს ბენდს” 30 000 ლარს გადაუხდის, „მიქსტურას“ _ 15 000 ლარს.
ინფორმაციას სხვა ხარჯების შესახებ ფოთის მერიისგან ველოდებით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი წყაროს ცნობით, 31 დეკემბერს, ზუგდიდში საახალწლო და საშობაო ღონისძიებისთვის 50 000 ლარი დაიხარჯება და აქაც “ღამის შოუს ბენდი” იმღერებს.
ხობში საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდება და აქაც „ღამის შოუ გაბუნიასთან ერთად“ იმღერებს , რაშიც ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება.