2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბებაზე, ოპოზიციური პარტიების ერთიანი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
როგორც “გურია ნიუსს” „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, 20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი დღეს შეიკრიბა და ხელს მოაწერს სარჩელს, რომელსაც სტრასბურგში გააგზავნიან. „დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტსაბჭის წევრი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც 20 პოლიტიკური პარია, როგორც არასაპარლამენტო ასევე საპარლამენტო ოპოზიცია „ერთ დიდ ძალად შეიკრა და უპირისპირდება ივანიშვილის ბოროტებას“.
„არასაპარლამენტო ასევე საპარლამენტო ოპიზიციური პარტიები ხელს ვაწეთ ერთობლივ სარჩელს, რომელიც გაიგზავნება სტრასბურგში. სარჩელი ეხება 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების ტოტალურ გაყალბებას. ამ სარჩელმა საქართველოში ყველა ინსტანცია გაიარა და ეს იყო უპრეცენდეტო შემთხვევა, როდესაც ოცმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი სარჩელი შეადგინა და გააპროტესტა არჩევნების შედეგები, გააპროტესტა ბიძინა ივანიშვილის ბოროტება. ამგვარი ფაქტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი იყო უამრავი გაყალბებული საარჩევნო ოქმი, იყო დამკვირვებლების უამრავი ჩვენება და ვიდეო მასალა, რომელიც ადასტურებდა გაყალბების ფაქტებს, ხელისუფლებამ მაინც თავხედურად განაგრძო გამარჯვების აღიარება. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი დემონსტრირება, რომ ქვეყანაც და ხალხიც მისია და როგორც თვითონ უნდა ისე მართავს მათ. ქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხოლოდ 51 პროცენტი მიიღო, რომ არა გაყალბებული შედეგები, ბუნებრივია, კალაძე დედაქალაქის მერი პირველ ტურში ვერ გახდებოდა. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, გვაქვს იმედი რომ უახლოეს პერიოდში სტრასბურგში ჩვენი სარჩელი განსახილველად მიღებული იქნება, ოპერატიულად მოხდება მისი განხილვა და ეს იქნება ოპოზიციის გამარჯვების დემონსტრირება, მიზანთან ახლოს ვართ. ჩვენი მიზანი კი ივანიშვილის ხელისუფლების განადგურებაა“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.