“მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი.“ – ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ნიკას პირველივე დღეს შევუთვალე ჩემი აზრი, ამას ჩემთვის დავიტოვებ. მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. ნიკასი მესმის, ის არის მართალი, ის პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის და ვუსურვებ მალე დატოვოს…
ვფიქრობ, რომ ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ნაციონალური მოძრაობაც უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც, – განაცხადა რურუამ.
ცნობისთვის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო. დღეს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მედიატორის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში დარეგისტრირდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა,2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.