გორში, ერთ-ერთ რესტორანში, მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება. მოსამართლეების ნაწილი გორში ავტობუსებით ჩავიდა, ნაწილი – პირადი ავტომობილებით. ისინი აღნიშნავენ “მოსამართლეთა დღეს”, რომელიც 15 მაისსაა.
“15 მაისი მოდის, ორშაბათი დღეა, მოსამართლის დღეა, ამიტომ მოსამართლეები გამოვედით”, – თქვა ლევან მურუსიძემ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა. მას აშშ-მ სავიზო სანქცია დაუწესა კორუფციის ბრალდებით.
ღონისძიებას გორში ესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძეც.
“ექსკურსია აკრძალულია?!. ექსკურსიაზე ვართ და აღვნიშნავთ მოსამართლეთა დღეს… [მურუსიძე] პრობლემაა? მე ვერ ვხედავ პრობლემას… საერთაშორისო საზოგადოებამ დაამტკიცოს ჯერ, რომ კორუფციაა სასამართლოში ან რომელიმე ჩემი თანამშრომელი არის კორუმპირებული და ამის შემდეგ დავეთანხმები და გიპასუხებთ კითხვაზე”, – თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა ასევე “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით – რომ არსებობს მოსაზრება, რომ იგი პოლიტპატიმარია.
“თქვენ მესაუბრებით საქმეზე, რომელიც ახლა უზენაეს სასამართლოში იმყოფება. რითი არის პოლიტპატიმარი?!. თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მეტყვიან, რომ სამართლებრივად პრობლემა არის რომელიმე საქმესთან მიმართებაში, მაშინ დისკუსიაში შემოვალ, სხვა შემთხვევაში მე ვერ ვაღიარებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან”, – უპასუხა მან ჟურნალისტებს.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დამატებით განმარტა მოსამართლეთა სანქცირების მიზეზი და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები “საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში”.
საქართველოს 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებიდან ერთი კვირის თავზე, მათი კოლეგების ნაწილმა უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე იმ სასწავლო პროგრამით, რომელში მონაწილეობაზეც თავად შეიტანეს განაცხადი.
წყარო: რადიო თავისუფლება