ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყების უკიდურესად შეჭირვებული, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა, მხცოვანი ბენეფიციარების თანადგომას და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, არ წყვეტს აქციებს ვეტერანთა თანადგომისთვის.
დღეს მორიგი აქცია ჩატარდა, ამჯერად ვაზიანის სამხედრო დასახლებაში, სადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები კომპაქტურად ცხოვრობენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სასურსათო კალათები 65 ოჯახს გადასცეს.
უწყება კვლავ გააგრძელებს მისი ბენეფიციარებისთვის, როგორც ვაზიანის სამხედრო დასახლებასა და ქვემო ქართლის, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების დახმარებას; სასურსათო კალათები, უახლოეს დღეებში, სამსახურის 2200 უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატულ შშმ, მარტოხელა და კორონავირუსის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს მთელი საქართველოს მასშტაბით მიეწოდებათ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის უშუალოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას, ქვეყანაში COVID 19-ის ეპიდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უწყების მხარდაჭერის გამო.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს!
(R)