სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე, კორონავირუსის 3185 შემთხვევაა გამოვლენილი. გასულ სამშაბათს, ინფიცირებულთა რაოდენობა 2535-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს რომ ინფიცირებულთა რიცხვი 1 კვირაში 650 ადამიანით გაიზარდა.
ინფიცირებულებს შორის არის სამედიცინო პერსონალიც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სხვადასხვა უბნის ექიმები.
ნასარაიას თქმით, ინფიცირების 3185 შემთხვევიდან, გარდაცვლილია 26 ადამიანი. დღეისთვის მკურნალობას 1760 პირი გადის, გამოჯანმრთელებულია 1399 პაციენტი. იზოლაციაში 1430 ადამიანი იმყოფება.
თუ აღნიშნულ მონაცემს გასული კვირის მონაცემს შევადარებთ, გურიაში კიდევ 11-ინფიცირებული გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 459-ით გაიზარდა.
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ინფიცირებული პაციენტებიდან კოვიდკლინიკებში ისინი არიან გადაყვანილი, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამძიმებულია. პაციენტების უმეტესობა ოჯახში და სასტუმროებში მკურნალობს.
ნასარაიას თქმითვე, ოზურგეთში კატეკვლევის ჩატარება დაიწყო.
„დავიწყეთ კატეკვლევა ოზურგეთში, მედალფას ბაზაზე. ოჯახის ექიმისა და ონლაინ კლინიკის მიმართვის შესაბამისად მედალფა ახორციელებს შესაბამის კვლევებს“,_ გვითხრა სახელმწიფო რწმუნებულმა.





































































