გასულ ორშაბათს, დილით, ცნობილი გახდა, რომ გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა:
“ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე! მინდა, მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში!” _ დაწერა ჭანუყვაძემ სოციალურ ქსელში.
ამ პოსტის გამოქვეყნებიდან, დაახლოებით, ერთ საათში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გურიის ახალი გუბერნატორი ზურაბ ნასარაია საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა:
“გურია ჩემი მშობლიური მხარეა, შესაბამისად, ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ.
ჩვენს კუთხეს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვისა და გამოყენებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ადგილობრივი რესურსების პროფესიულ გადამზადებას და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. გურულებს ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა უკეთესად იცხოვრონ”, _ აღნიშნა ნასარაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას წარდგენის შემდეგ.
პრემიერის ამ გადაწყვეტილებას და ახალი გუბერნატორის განცხადებას, რომ გურია მისი მშობლიური მხარეა, გურულების დიდი ნაწილი პროტესტით შეხვდა _ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ასობით კომენტარში აღნიშნული იყო, რომ ჭანუყვაძის გათავისუფლებით მთავრობის მეთაურმა დიდი შეცდომა დაუშვა და ხაზი იმასაც გაუსვეს, რომ ყველასთვის უცნობი ნასარაიას დანიშვნა, რომლის შესახებაც ინტერნეტში ბევრი არაფერი იძებნება, არასწორი იყო.
უფრო მეტიც, ჭანუყვაძის წასვლას პროტესტი პარტიაშიც მოჰყვა _ ორშაბათს, პარტიის დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ.
მან “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს:
_ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი, _ თქვა ხაჭაპურიძემ.
მერაბ ჭანუყვაძის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო “ქართული ოცნება” კიდევ ერთმა წევრმა ოთარ სოროზანიშვილმა, ჩოხატაურშიც დატოვა.
სოროზანიშვილმა განცხადება პარტიის ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციაში შეიტანა:
_ მერაბ ჭანუყვაძის მსგავსი გულანთებული, პატიოსანი და გურიაზე შეყვარებული ადამიანი იშვიათია. ის იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის დაკარგვა დანაშაულად მიმაჩნია. ამიტომ, ვტოვებ ჩემს ცხოვრებაში პირველ და უკანასკნელ პარტიას. ვერ ვიქნები იქ, სადაც მართალი ადამიანები არ სჭირდებათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოთარ სოროზანიშვილმა.