გურიის მდინარეთა ეკოსისტემები კრიტიკულ ზღვარზე იმყოფებიან,_ ამის შესახებ ბიომრავალფეროვნების ექსპერტ ხატია ბასილაშვილი აცხადებს.
მკვლევარის თქმით, კლიმატის ცვლილების ფონზე, აუცილებელია მიმდინარე პროცესების მუდმივი ყურადღება, მდინარეებიდან ხრეშის მოპოვების მკაცრი კონტროლი, მოსახლეობის ინფორმირებულობა და ბიომრავალფეროვნების ტენდენციებზე თვალის დევნება. გურია კოლხეთის დაბლობის ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია და დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ხატია ბასილაშვილის თქმით, საველე კვლევით გამოვლინდა, რომ კლიმატის ცვლილება და ადამიანის საქმიანობა ერთობლივად აძლიერებენ ნეგატიურ ზემოქმედებას გურიის ეკოსისტემებზე: ეროზიული პროცესების გაძლიერება – ჭალის ტყეების გაჩეხვა და შეცვლა სუსტი ფესვთა სისტემის მქონე კულტურებით (თხილი) ამცირებს ნიადაგის სტაბილურობას.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ძლიერი ნალექები კი იწვევს გაძლიერებულ ეროზიას და მეწყერებს. წყალდიდობების რისკის ზრდა – მდინარის კალაპოტის შეცვლა ინერტული მასალების მოპოვების გამო, ჭალის ტყეების განადგურებასთან ერთად, ზრდის წყალდიდობების რისკს, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ინტენსიური ნალექების პირობებში. ბიომრავალფეროვნების შემცირება – ჰაბიტატების განადგურება და ფრაგმენტაცია ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სტრესთან ერთად, იწვევს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან შემცირებას.
ინვაზიური სახეობების გავრცელების ხელშეწყობა – კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ინვაზიური სახეობების გავრცელებას, განსაკუთრებით ისეთ ეკოსისტემებში, სადაც ადამიანის ჩარევის შედეგად ადგილობრივი სახეობები უკვე შემცირებულია და უფრო მეტად მოწყვლადია.