ახლახან, გურიის ველოსპორტის ფედერაცია ჩამოყალიბდა, რომლის ინიციატორები ოზურგეთელი სპორტის მოყვარული ადამიანები არიან.
_ჩვენ გვიყვარს სპორტი, დიდი ხანია, ვოცნებობდით, სპორტის ამ სახეობის ადგილობრივი ფედერაცია შეგვექმნა. დარწმუნებული ვართ. მასში მალე უამრავი მოყვარული გაწევრიანდება. ძალიან გვიხარია, რადგან ეს შევძელით. ამ გადაწყვეტილების ყველაზე დიდი მიზანია ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობის აღზრდა. ჯერ საზოგადოებრივ საწყისებზე ვართ, თუმცა მალე საქმე დაიძვრება, _ ამბობს ჩვენთან ცნობილი დამსახურებული მწვრთნელი ჭიდაობაში, გურამ მაჭარაშვილი.
მან და მისმა თანამოაზრეებმა ნებართვა საქართველოს ველოსპორტის ფედერაციას სთხოვეს.
საინიციატივო ჯგუფში მასთან ერთად არიან ოზურგეთელი იურისტი, სპორტის მოყვარული თეონა კაპანაძე, თემურ კაპანაძე. თეონა და თემური მამა_შვილია. უსაზღვროდ უყვართ სპორტის ეს სახეობა. საპატიო პრეზიდენტი , როგორც ბატონმა გურამმა გვითხრა, ვახტანგ ბლაგიძე იქნება.
_ჩვენ ჯერჯერობით, ჩვენი სახსრებით შევიძინეთ ავტომანანა, მოტოციკლეტი. დარწუნებული ვართ, ხელისუფლება დაგვეხმარება, გამოჩნდებიან სპონსორებიც და ველოსპორტში შეჯიბრებებს გავმართავთ, როგორც გომისმთაზე, ისე ბახმაროში. ველოსპორტის სექციები რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში უნდა გაიხსნას, – ამბობს ბატონი გურამ მაჭარაშვილი.