გურიის რეგიონში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.
ღონისძიებების დაწყების ვადა მონიტორინგის შედეგებით განისაზღვრება. სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა შალამბერიძე რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულ სამუშაო ჯგუფს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს. როგორც მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ განმარტა, მავნებელთან ბრძოლის პროცესში თვითმმართველობების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. გასული წლების მაგალითზე დაგროვდა გამოცდილება, რომლის საფუძველზეც უფრო გაძლიერდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. მოსახლეობა იქნება სისტემატურად ინფორმირებული და მათ ეცოდინებათ, თუ რა პერიოდში შეიწამლება მათი სოფელი.
„ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. ჩვენ, მათთან ერთად, განვახორციელებთ შეხვედრებს და მომავალი კვირიდან დავიწყებთ მუნიციპალიტეტების სოფლებში გასვლას. ვფიქრობთ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგადად, მიმდინარე წელი იქნება გარდამტეხი და მავნებლის მიერ მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
შეხვედრას დაესწრნენ რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები. (R)