ლანჩხუთში მოქმედი ხუხუნაიშვილების სიმღერისა და გალობის სკოლაზე, რომელიც 2010 წელს დააარსა დავით ცინცაძემ, უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში.
როგორც ირკვევა, წელს ეს სკოლა ავსტრიაშია მიწვეული. ახალგაზრდა ლოტბარის ავთანდილ თურქიას ინფორმაციით, ავსტრიელი მსმენელის წინაშე 45-კაციანი შემადგენლობით წარსდგებიან.
„გავმართავთ ორ კონცერტს და ქალაქ ლინცში ჩავატარებთ მასტერკლასებს. ეს იქნება პირველი გასვლა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ნამდვილად მოულოდნელი ამბავი იყო. განსაკუთრებით ბავშვების მიწვევა იყო, თუმცა, როცა სტუმარმა ჩემს ბავშვებს მოუსმინა, ისეთი აღფრთოვანებული იყო, შევატყვე რომ მოეწონა“, _ ამბობს ახალგაზრდა ლოტბარი, რომლის თქმითაც, პროექტის იდეა და მისი გახორციელებაც ავსტრიელთა მხრიდან მოდის.
„ზაფხულში სტუმრად მყავდნენ ავსტრიელები ქართული სიმღერის შესასწავლად. ფოლკლორული ტურის ფარგლებში ჩამოიყვანა ისინი ჩემმა მეგობარმა ლევან ბითაროვმა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამ პროექტის გახორციელებაში. აღტაცებულები და საოცრად კმაყოფილები გაემგზავრნენ.
იმათი მხრიდან ორგანიზატორი გახლავთ კრისტინე მარია კრინი. ამ პროექტისთვის ავსტრიამ გამოყო 26 000 ევრო, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა _ 1800 ევრო. რაც მთავარია, ბავშვები მიდიან სრული დაფინასებით. უზრუნველყოფილი იქნებიან ყველაფრით, ღამე ოჯახებში გადანაწილდებიან და ეს უფრო დაახლოებს ჩვენს და იქაურ ბავშვებს ერთმანეთთან“, _ ამბობს ავთანდილ თურქია.
ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერისა და გალობის სკოლა ავსტრიელი მსმენელის წინაშე, ძირითადად, გურული სიმღერებით წარსდგება, ასევე, მასპინძლებისთვის სიურპრიზად იქაური კომპოზიტორის ნაწარმოების შესრულებასაც გეგმავენ.
„ძირითადი გურული სიმღერები გვქნება, თუმცა, გვაქვს სიურპრიზი მასპინძლებისთვის _ შევუსრულებთ იქაური კომპოზიტორის ნაწარმოებს. ასევე, ჩვენს სიმღერებზე უნდა დაიდგას ცეკვები, რომელსაც იქაური ცეკვის ანსამბლი შეასრულებს“, _ დასძენს სიმღერისა და გალობის სკოლის ლოტბარი.