საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
ფონდი 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 68 მილიონი ლარია.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, 22 მუნიციპალიტეტიდან გურიის ორ მუნიციპალიტეტში: ჩოხატაურსა და ოზურგეთში ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება. სოფლებში_ გუთურსა და სოფელ შრომაში სკოლების მშენებლობა წელს დაიწყება.
გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორისაა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
როგორც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები შესწავლილია მთელ საქართველოში, მათი რეაბილიტაცია იგეგმება მაღალმთიან რეგიონებშიც.
„განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევარჩიეთ ის რეგიონები, სადაც საჭიროა ახალი სკოლების მშენებლობა, ან მათი კაპიტალური შეკეთება. სამწუხაროდ, რამდენიმე სოფლიდან ბავშვებს უწევთ ერთ სკოლაში სიარული, ვცდილობთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული დაფარვა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რადგან ყველა რეგიონს სჭირდება სკოლა. მაღალმთიანი რეგიონებიც ჩვენი ყურადღების ცენტრშია, სკოლების რეაბილიტაციაც და ახალი სკოლების მშენებლობაც ყველა რეგიონს შეეხება”, _ აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.