ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს სათანადო ხმების უმრავლესობით დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები. მეორე მოსმენაზე 115 დეპუტატის მხარდაჭერა იყო უზრუნველყოფილი და დარწმუნებული ვართ, ასეთივე მხარდაჭერით დღეს, უკვე მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები, _ ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ უარის თქმა, 8 მარტის შეთანხმების უხეში დარღვევაა.
„მათ ვალდებულება აქვთ აღებული საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ელჩების წინაშე, რომ მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, დაარღვევენ შეთანხმებას და მათ ამისთვის საკმაოდ მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. გარდა იმისა, რომ ეს შეთანხმების დარღვევაა, ეს არის შეცდომა და კარგია, თუ ისინი შეცდომაზე შეცდომას დაუშვებენ, ეს საბოლოო ჯამში უკეთესი იქნება საარჩევნო შედეგებისთვის, მათ შორის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგისთვის. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, არ დაუშვან შეცდომა, თუმცა ყველაფერი მათზე დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.