საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი მოითხოვს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის დაუყოვნებლივ, ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.
ორგანიზაციის მიერ დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ძალადობის ათეულობით მსხვერპლთან საუბარსაც ეფუძნება, პოლიციამ თბილისში უხეშ ძალადობას მიმართა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. Human Rights Watch-ის თანახმად, სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.
პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი დაზარალებულები, რომლებსაც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ, მიუთითებენ, რომ მიიღეს ტვინის შერყევა, ცხვირის, სახის ძვლების და კიდურების მოტეხილობა და სხვა ტრავმები.
Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს, რომ პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილეს ბრალი დასდო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, სასამართლოში ამ საქმეების განხილვა კი ზედაპირული იყო და არანაირი ეფექტიანი ზომები არ ყოფილა მიღებული სასტიკი მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდებების განსახილველად.
Human Rights Watch-ის ევროპის და შუა აზიის განყოფილების დირექტორ ჰიუ უილიამსონის განცხადებით, დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სასტიკი მოპყრობის მასშტაბი და ხელისუფლების უუნარობა, ამ პირებს პასუხიმგებლობა დააკისროს, მიუთითებს, რომ ძალადობა სანქცირებული იყო, ან ხელისუფლება ძალადობას ამართლებს.