ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ მოწმის სახით გურიის პოლიციის დეპარტამენტში, მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახის წევრების მიერ დასახელებული სავარაუდო ეჭვმიტანილები: ს.მ; დ.კ; ა.კ; და გ.ს.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები მედიასთან საუბარში აღნიშნავენ, მათ მიერ დასახელებული პირები მოკლულ ირაკლი ტარიელაძეს რამდენიმე წელია ემუქრებოდნენ, დავა კი მიწის ნაკვეთებს ეხებოდა: „ასახლდი აქედან, აქ არ გაცხოვრებთ, დაგვითმე მიწები, შენ როგორ უნდა მოგეგო აუქციონი, ტენდერები ჩვენია, არ გაგახარებთო.
მათივე თქმით, აღნიშნული პირები გარდაცვლილ ირაკლი ტარიელაძეს რამდენიმე თვის წინ სახლშიც მიუვარდნენ, ცემეს და სახლზე ფანჯრები დაუმსხვრიეს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე პოლიციაში იყო, თუმცა, დამნაშავეებს, ოჯახის წევრების თქმით, პასუხი არ უგიათ.
ოზურგეთში ეს უკვე მეოთხე რეზონანსული მკვლელობაა, რომელიც გაუხსნელია. საზოგადოება აღნიშნულ მკვლელობებში ერთსა და იმავე სახელებს უკავშირებს, პოლიცია და პროკურატურა კი დუმს. რამდენიმე წლის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქურდული სამყაროს წარმომადგენლი გოჩა გუჯაბიძე საკუთარ ეზოში, ჭიშკართან ჩაცხრილეს. აღსანიშნავია, რომ ტარიელაძე, გუჯაბიძის მსგავსად, საკუთარ ეზოში, ჭიშკართან, ჩასაფრებულებმა მოკლეს. მას 9 ტყვია აქვს მოხვედრილი.
საუბრობენ იმასაც, რომ მკვლელობები დაკვეთით არის შესრულებული. მოქალაქეებს, როგორც სხვა დანარჩენი გაუხსნელი მკვლელობის მსგავსად, უკვე ამ მკვლელობის გახსნის იმედი არ აქვთ, რადგან დამნაშავეებს, საზოგადოების თქმით, მფარველობენ.
როგორც “გურია ნიუსს“ ტარიელაძის ახლობლებმა უთხრეს, გარდაცვლილი, სანამ სახლს მიუახლოვდებოდა, თავისი დისთვის დაურეკავს, ჭიშკარი გამიღეო, დასაც გაუღია ჭიშკარი და სახლში შებრუნებულა. როცა ირაკლი ჭიშკარს მიუახლოვდა, ის დაკეტილი დახვდა, ამიტომ მანქანიდან გადმოვიდა ჭიშკრის გასაღებად, რა დროსაც ის ჩაცხრილეს. ახლობლების თქმით, მკვლელი შემსრულებელია, მან ზუსტად იცოდა, ირაკლი რა დროს შედიოდა სახლში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრებ ს. მ-ს უფლებებს ადვოკატი მერაბ ფუტკარაია იცავს. ის “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა და ის პოლიციამ სახლში გაუშვა.
“წუხელ ღამის სამის ნახევარზე წამოვედით პოლიციიდან. ს.მ-ს აუღეს ყველანაირი ნიმუში და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს. ექსპერტიზა როდის დასრულდება არ ვიცი. ს.მ. დაიკითხა მოწმის სახით. ის დაკავებული არ ყოფილა, ამ ეტაპისთვის მის მიმართ ბრალის წაყენების საფუძველი არ ყოფილა და ის გამოუშვეს, რაც შეეხება სხვებს, დანარჩენებიც გამოშვებულია, იქ ღამით აღარავინ იყო “, _ გვითხრა ადვოკატმა.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ს.მ-ს დას ნ.მ-ს, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ძმა და აღნიშნული პირები უდანაშაულოები არიან: „ცოტა ხანს ვადროვებთ და აუცილებლად თავად ჩემი ძმა გამართავს ბრიფინგს და ყველა ტელევიზიასთან გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. როდის ყოფილა სოფელში ეთნიკური დაპირისპირება. ეს აბსურდია, მოიძიეთ ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტი თუ ჰქონიათ ტენდერზე და აუქციონზე შეტანილი განცხადება ორივეს. კი, ბატონო, ცოდვაა, თუმცა, ჩვენს უდანაშაულო ვართ. უბრალოდ, იყო ერთი რამ, იქ ხიდთან დაკავშირებით მიმდებარე ტერიტორია ჰქონდა მოღობილი და უშლიდა ხელს ამიტომ ჰქონდათ უთანხმოება, ეს აიღეო ეუბნებოდა. ძალიან გთხოვთ, მოიძიეთ იურიდიული დოკუმენტები და გადაამოწმეთ, თუ აქვთ ს.მ-ს და ირაკლის ტენდერში ერთად მონაწილეობა მიღებული.