რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Daily Mail” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, დიდ ბრიტანეთში განქორწინების მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი განცხადებების ოც პროცენტში მიზეზად დასახელებულია ერთ-ერთი მეუღლის აქტივობა სოციალურ ქსელში „Facebook”.
დიდი ბრიტანეთის ყოველი მეხუთე განქორწინების მომლოდინე მცხოვრები ირწმუნება, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რისთვისაც გაყრა სურს, არის მეუღლის უწესო ქცევა სოციალურ ქსელში, მაგალითად, ფლირტი ან ინტიმური მიმოწერა მესამე პირთან.
როგორც ბრიტანელი იურისტები აღნიშნავენ, „ვირტუალური მოღალატის“ მიერ დატოვებული „კვალის“ შესახებ მათი „კანონიერი ნახევარი“ გარეშე პირისგან იღებს შეტყობინებას.
ხშირ შემთხვევაში ეჭვიანობა დაკავშირებულია იმასთან, რომ მეუღლეები კომპიუტერით ყოფილ პარტნიორებს ეკონტაქტებიან, სხვა დროს კი საქმე, უბრალოდ ვირტუალურ რომანებს ეხება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში „Facebook”-ში დაფიქსირებული სტატუსის გამო ორი მკვლელობა მოხდა. ვინმე 34 წლის ჯიმ ფორესტერმა და 32 წლის ტომ ლუისმა ცოლები დახოცეს იმის გამო, რომ საბრალო ქალებმა ინტერნეტში თავიანთი ოჯახური მდგომარეობა დამალეს და მარტოხელობა დაიბრალეს.