ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ უქმნიან ზღვაში წყლის სკუტერები საფრთხეს ადამიანებს. რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჰიდროციკლით მოძრავი პირი დააკავეს. უწყების განმარტებით, ის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა.
„გურია ნიუსს“ შეკვეთილში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა შემდეგი შინაარსის ტექსტი მოწერა:
„სანამ უნდა ვიყოთ ასე, არ ვიცი. უბრალოდ, ისეთი შოკი იყო, ვერ მოვიფიქრეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა, ახლა კი ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, პოლიციისთვის მიგვემართა. ეს ამბავი ორშაბათს, საღამოს 5-6 საათისთვის მოხდა. ჩემს პატარა დისშვილს დამსვენებლის მიერ მართვადი წყლის სკუტერი კინაღამ დაეჯახა. საბედნიეროდ, ყველაზე ცუდი არ მოხდა, მაგრამ ეს მხოლოდ იღბლის დამსახურება იყო. როგორღაც მოვასწარი ბავშვის აყვანა, არც კი მახსოვს, როგორ გადავარჩინე. იმიტომ მოგწერეთ, რომ შესაბამისმა უწყებებმა იქნებ გაამკაცრონ რეგულაციები. უფალს მადლობა, ჩვენ გადავრჩით, მაგრამ ყველას ხომ არ უმართლებს. საყვედური გამქირავებელსაც მივეცით და მძღოლსაც, იმედია, გაითვალისწინებენ.“
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ზღვისპირა ზოლში შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნათ.
რას აკეთებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ზღვისპირა ზოლში დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის? — ამ კითხვაზე უწყებიდან შემდეგი პასუხი მივიღეთ:
„ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და კოორდინირებულად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად.“

































































