„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის 2024 წლის არჩევნებზე ან, სავარაუდოდ, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, ოზურგეთის მერობის კანდიდატად, შესაძლოა, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომრის, დავით დარჩიას ვაჟი, იოსებ (სოსო) დარჩია დაასახელონ.
„იოსებ დარჩია საუკეთესო ახალგაზრდაა. მან, თავისივე ცნობილი სტატუსის გამო, თითქმის, თანაბრად მოიპოვა პატივისცემა, როგორც ოპოზიციურ, ისე სახელისუფლებო პარტიის ბევრ მომხრეს თუ უპარტიო ადამიანთა შორის. ის, შესაძლოა, სულაც „ქართულმა ოცნებამ“ ან სრულიად დამოუკიდებელმა ჯგუფმა დაასახელოს“, _ ამბობს წყარო.
„გურია ნიუსი დაინტერესდა, ფლობდა თუ არა ასეთ ინფორმაციას თავად დათო დარჩია, რადგან წყარო ამბობს, რომ ეს ინიციატივა არ მოდის თავად იოსებ დარჩიასგან. მან ამის შესახებ, შესაძლოა, არც არაფერი იცოდეს და შესაძლო კანდიდატობაზე მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებში ან სულაც „ქართული ოცნების“ კულუარებში საუბრობენ.
_ რაო? პირველად მესმის. მსგავსი არაფერი გამიგია. არც პარტიაში უთქვამს ეს ვინმეს და არც, კონკრეტულად, ვინმესგან გამიგონია. გეუბნებით, პირველად მესმის… _ გვითხრა დათო დარჩიამ.
_ ბატონო დავით, თქვენს შვილს განათლებულ, მოაზროვნე ახალგაზრდად იცნობენ და თუკი მართლა არაფერი გსმენიათ მის სავარაუდო კანდიდატობაზე, ახლა, როცა მოისმინეთ, რა აზრის ხართ. ზოგადად, პოლიტიკაში წასვლას ურჩევდით?
_ შვილზე როცა კარგს გეტყვიან, ადამიანს მაინც გიხარია. თუმცა, ვიმეორებ მსგავსი არაფერი გამიგონია. არც პოლიტიკაში წასვლას ვურჩევ. ჩემი აზრი მუდამ ასეთი იყო. უფრო სწორად კი, თავად იცის, რა ქნას, როგორ მიხედოს თავის მომავალს, _ თქვა მან.
დავით დარჩიამ, ასევე, გვითხრა, რომ არანაირი ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება, ამის საჭიროება არ არის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შედგება 2024 წელს.
ავტორი