საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 18 პროცენტი, „ევროპული საქართველოს“ კი სამი პროცენტი.
ასევე, გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს, „გირჩი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტული პარტია“ – ორი პროცენტი, პარტია „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი.
არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა ათი პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15 პროცენტს, ყველა პარტიას გადახაზავდა ხუთი პროცენტი.
ამასთან, კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში, გამოკითხულთა 27 პროცენტი ასახელებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას – 26 პროცენტი.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.
საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.