საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
17 ივნისს, რამაზ სვანიძის გუნდი პორტუგალიის ნაკრებს ტრენჩინში დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა ჟაბოკრეკის ბაზაზე გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართა ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.
რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი): “განწყობა ძალიან კარგია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ვიმყოფებით ევროპის ჩემპიონატზე. ვთამაშობთ ძალიან მაღალი დონის თამაშებს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გვაქვს რეალური შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე ქვეყნისთვის და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები.
ამ ნაკრებმა ბევრი რამ დაამტკიცა. მათ შორის ის, რომ ეს გუნდი უკვე შედგა. მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშით დასრულდება შეხვედრა. ისევე როგორც წინა თაობა იყო წარმატებული, ეს თაობაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ურთულეს მეტოქესთან დავაფიქსიროთ სასურველი შედეგი. მინდა ვნახო მოედანზე გუნდი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვყავდა. ის ფილოსოფია და მენტალობა, რომელიც სულ გვქონდა.
წინა თამაშებმა ძალიან დიდი ენერგია წაიღო და დღესაც აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ამ რიტმში თამაშს არ არის შეჩვეული. თუმცა, ისეთი დღეა, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოთ”.