“სამართლიანი არჩევნები” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი კონკურსის გამართვას ითხოვს საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.
“2024 წლის აპრილის თვეში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრომ საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსის 62 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაიინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა 2024 წლის პირველი იანვრიდან განისაზღვრა, როგორც პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რესურსცენტრის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების კონკურსი საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით უნდა ჩატარებულიყო, შესაბამისად, 2024 წლის 2 აპრილის N386525 ბრძანების შესაბამისად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე კონკურსები გამოქვეყნდა.
განაცხადის თანახმად, კონკურსი 2 ეტაპად უნდა ჩატარებულიყო. პირველი ეტაპი გულისხმობდა კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, ხოლო მეორე ეტაპი – გასაუბრებას.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით ექვსი კონკურსანტის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა. სარჩელით მოთხოვნილია ფოთის, ოზურგეთის, გორის, სენაკის, ჩხოროწყუსა და და ვაკე-საბურთალოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი კონკურსის გამართვა საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით. კონკურსანტები მიუთითებენ კომისიის მიერ კონკურსის დისკრიმინაციულად გადაწყვეტაზე და არაჯანსაღ კონკურენციაზე.
რესურსცენტრების გათავისუფლებული ხელმძღვანელები არიან კვალიფიციური კადრები,
მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობით. დისკრიმინაციის მიზეზად კი იმას მიიჩნევენ, რომ „დაკვეთას“ უსიტყვოდ არ ასრულებდნენ და სკოლების და პედაგოგების დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს, იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები. ასევე, ნათლად გამოხატავდნენ მოსაზრებას ქვეყნისთვის ევროკავშირის და ევროინტეგრაციის აუცილებლობის შესახებ.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ განათლების სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ყველა იმ სამართლებრივი აქტის შესახებ, რაც არეგულირებდა, რესურსცენტრების უფროსების შესარჩევ კონკურსს. სამინისტრომ მხოლოდ კომისიის შექმნისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ გამოცემული ბრძანებები მოგვაწოდა, სადაც არაფერია ნათქვამი საპრეტენზიო კომისიის არსებობის, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადების შესახებ.
სამინისტროს ასევე არ მოუწოდებია კონკურსანტთა შეფასების წესი, კომისიის წევრების ინდივიდუალური შეფასებები თითოეულ კანდიდატთან მიმართებით”,_ნათქვამია ანგარიშში.