რომის წმინდა პეტრეს ტაძარში დასრულდა პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია. ვატიკანის ცნობით, პონტიფიკოსთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში აღდგომის ორშაბათს, 21 აპრილს გარდაიცვალა, დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა. სამი დღის განმავლობაში ეკლესია 24 საათის განმავლობაში ღია იყო.
ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ტაძრის დახურვის შემდეგ, თითქმის ცარიელ დარბაზში კუბოს დახურვის ცერემონია გაიმართა. კათოლიკური ტრადიციის თანახმად, პაპის სახე თეთრი აბრეშუმის ნაჭრით დაფარეს.