აქტიური შემთხვევების, ლეტალობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მესამე ტალღის პიკმა საქართველოში გადაიარა და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრები კიდევ უფრო შემცირდება, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ მარტივი წესების დაცვას, რასაც ნიღბის ტარება, დისტანცია და ხელების ჰიგიენა ჰქვია და ჩვენ ვაქცინირებულთა იმ ციფრს, რაც დღეს გვაქვს (6 ათასი) შევინარჩუნებთ, ვფიქრობთ, რომ ეს ზაფხული იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო, ვიდრე 2020 წელს გვქონდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 347 762 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 331 680, გარდაიცვალა 4 876 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.