პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად უკვე გააკეთა.ივანიშვილი მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მთაწმინდაზე პირველი ტური იყო ევროპული არჩევნები, რაშიც წვლილი აქვს ორივე მხარეს.
„პირველი ტურის დროს ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა, იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რაც ვნახეთ კიდეც და დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მეორე ტური მთაწმინდაზე დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ამავდროულად, ხაზგასასმელია ისიც, რომ საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს, ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათან ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები“, _ განაცხადა ივანიშვილმა.