“მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ. ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება”, _ ეს ამონარიდია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცლებული ვრცელი წერილიდან, რომელიც მან 9 აპრილის 30 წლისთავს მიუძღვნა.
ამ წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. მართალია, გვარს და სახელს არ წერს, თუმცა, შინარასიდან გამომდინარე, სწორედ ამ გზავნილს ეხმაურება მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი, პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე და აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში რეალობის აღქმა დაკარგული აქვთ:
“ე.წ. “მმართველი გუნდის” პრობლემა, რაც ქვეყნისთვისაც პრობლემად გადაიქცა, არა მარტო ფერების და ქალაქების აღრევაშია. როგორც ჩანს, უფრო სერიოზულად დაკარგულა რეალობის აღქმა. მტკივნეულ წარსულს რომ უძღვნი ლამის სადღეგრძელოს და იქვე ამბობ სხვა მტკივნეულ წარსულს ნუღარ გავიხსენებთო, ეს უკვე მორალური პრობლემაა. თანამოაზრეებს უნდა გავუფრთხილდეთ, ზურგი არ უნდა ვაქციოთ, მაგრამ რომ აღარ ვართ თანამოაზრეები?
მეც გეკითხებით- რატომ ვერ ელევით ემოციებს, ჯიბრს ? რატომ ღალატობთ იმ იდეალებს, რამაც გაგვაერთიანა? რატომ განუდექით საკუთარ ხალხს? რატომ ქმნით ამ ქაოსს ქვეყანაში? რატომ? რატომ? რატომ?”, _ წერს კვაჭანტირაძე.