მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 616 593-ს მიაღწია.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს კიდევ 5 682 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 585 727-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეისთვის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 018 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 895 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.