კოჯრის სერჟანტთა მომზადების აკადემიაში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბაზერაშვილი აცხადებს, რომ 1 აგვისტოს საღამოს საათებში სერჟანტთა მომზადების აკადემიაში, სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რომლის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამმა – ცივი იარაღით.
ხუთივე სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილია ჰოსპიტალში. ირაკლი ბაზერაშვილისთქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ჩხუბის დროს ხიშტ-დანებია გამოყენებული.
სამინისტროში განმარტავენ, რომ შემთხვევის ადგილას სამხედრო პოლიცია უნდა ყოფილიყო, თუმცა რატომ არ იყვნენ, ამას გამოძიება გაარკვევს.
რაც შეეხება ჩხუბის დაწყების მიზეზს, ირაკლი ბაზერაშვილი განმარტავს, რომ ის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.
შემთხვევა პირველი აგვისტოს, საღამოს 6 საათზე მოხდა.
კოჯრის სამხედრო ბაზაზე დაჭრილი ოთხი ჯარისკაციდან, ორი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან უკვე გაწერეს. ასევე დასრულდა ერთ-ერთი ჯარისკაცის ოპერაცია.
საქმეს ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია სწავლობს.
წყარო: იმედინიუსი