სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა #15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმ.ნიკოლიზის სახელობის ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანა და მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცა.
სააღდგომო ლიტურგიას 200-მდე მსჯავრდებულთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი დაესწრენენ, მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცეს და სააღდგომო ტკბილეული გადასცეს.
კახა კახიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილებსა და სრულიად საქართველოს მიულოცა.
„გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს. სააღდგომო ლიტურგია პენიტენციურ დაწესებულებებში მდებარე ტაძრებშიც აღევლინება და თქვენ ხედავთ როგორი ამაღლებული განწყობაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მინისტრმა.
გედევან ფოფხაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოწმუნეთათვის.
„ჩვენთვის დიდი მადლია მსჯავრდებულებთან ერთად, მათი ძალისხმევით აშენებულ ტაძარში, სააღდგომო ღვთისმსახურებას დავსწრებოდით. ყველას გილოცავთ ამ დღეს“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.