დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით და ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, _ იუწყება 1tv.ge.
“ამასთან, კალაძის თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დააკავეს, პოლიციელების მისამართით სხვადასხვა საგანს ისროდნენ, რომლის დამადასტურებელი არაერთი კადრი არსებობს.
„ვინ არის უსამართლოდ დაკავებული, შეგიძლიათ, მითხრათ? ისინი პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს და ამის დამადასტურებელი უამრავი კადრი არსებობს. პოლიცია როცა დგას თავისთვის პარლამენტის შენობასთან, მასთან მიდის ძალადობრივი ჯგუფი, ესვრის ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჯოხებს, ცხადია, ეს რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. გაქვთ სურვილი, რომ არ არსებობდეს აღნიშნული ინსტიტუციები, ჩამოიშალოს, მაგრამ ვერ ეღირსებით. დღეს საქართველო, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით – ქვეყანაში დაცული იქნება წესრიგი და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც მოქალაქეები მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს, არავის დაკავება არ ხდება, მაგრამ როდესაც აქცია ძალადობრივ ხასიათს იღებს, სამართალდამცველები მოქმედებენ კანონის ფარგლებში.
„გუშინ, გუშინწინ, მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქციები რუსთაველის გამზირზე, ხომ დამეთანხმებით? ვინმე ვინმეს გამოჰკიდებია ან დაუკავებია? იმიტომ, რომ მშვიდად მიმდინარეობს აქცია. მშვიდ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ როდესაც გადადიხარ ძალადობაზე, გაქვს სურვილი, მოაწყო რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო. აიღეთ ბერლინის მაგალითი. „ყვითელჟილეტიანების“ აქციები აიღეთ საფრანგეთში, რა მოხდა, როგორ მუშაობს პოლიცია. ეს არის სახელმწიფოებრიობა და არ გამოგივათ რევოლუციები. არსებობს არჩევნები და მისი საშუალებით ხდება ხელისუფლების ცვლილება. არჩევნებში დამარცხდით, დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა. 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას და უთხრა არა ფაშიზმს. ხართ დამარცხებულები, მაგრამ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და, შესაბამისად, მოგიწევთ, დაექვემდებაროთ კანონმდებლობას, იმოქმედოთ კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება“, _ აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ”, _ წერს 1tv.ge.