ბათუმის აქციებზე დაკავებულმა, ბათუმის აქციების მთავარმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს დაუდასტურა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.
თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციის შენობაში უთხრეს, არ ხარ საქართველოს მოქალაქე და შენს ქვეყანაში წადიო.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. მისი წინაპრები აჭარიდან, სოფელ ხინოდან წასული მუჰაჯირები იყვნენ, რომლებმაც შეინარჩუნეს ქართული ენა, ტრადიციები და კულტურა. თემურ ქათამაძე ბავშვობიდან საუბრობს ქართულად, იგი ამბობს, რომ საქართველო მისი სამშობლოა და 2012 წლიდან საქართველოში ცხოვრობს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით არასათანადო მოპყრობაზე ოქმი შეადგინეს და სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე დააკავეს. საიას ინფორმაციით პოლიცია დაკავებულებს ედავება 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
12-13 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ფოთში დამატებით 16 დაკავებული მოქალაქე მოინახულეს. მათგან ოთხი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, არაერთი დაკავებული მიუთითებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ დააკავეს და მათ არ განუმარტეს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ასევე, დაკავებულები მიუთითებენ პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ერთ-ერთ დაკავებულს გამოცხადებული აქვს შიმშილობა უსაფუძვლო დაკავების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით.
სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ მის რწმუნებულს დაკავებულების მონახულების საშუალება არ მისცეს:
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ღამის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში სახალხო დამცველის რწმუნებულს შესვლისა და დაკავებულების დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა. შესაბამისად, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ შეექმნათ დაბრკოლებები დაკავებულთა მონახულების პროცესში“.